სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილიამ თბილისში, პარლამენტთთან საპროტესტო აქცია დაგეგმა იმ საათებში, როცა მთავრობის გადაწყვეტილებით, ქალაქში გადაადგილება აკრძალულია.
"Covid-19-ის გავრცელების შემცირების მიზნით, თქვენივე ჯანმრთელობისთვისო, ქართულმა ოცნებამ 22:00-დან 05:00-მდე გადაადგილება აკრძალა.
ხელისუფლებამ, რომელიც სიტყვით გამოსვლისას ბრტყელ-ბრტყელ ფრაზებს ისვრის, როგორი ჰუმანურია, გუშინ ისევ გაიმეორა გამოუსწორებელი შეცდომა და არაპროპორციულად, სიცივეში ცივი წყლის ჭავლის მიშვერით დაშალა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია.
და იცით, სადამდე გაუვათ? სანამ საკუთარ სახლებში კომფორტულად მოკალათებულები დაკავებული ადამიანების რაოდენობასა და დასახიჩრების ტიპებს 7 ნოემბერს, 26 მაისსა და სხვა თარიღებს შევადარებთ.
სანამ ეკრანებთან ჩასაფრებულები დავაკვირდებით, ვინმე ისე ხომ არ იქცევა, მისთვის წყლის ჭავლის მიშვერა რომ ღირდეს.
სანამ უსამართლობაზე გაბრაზების ნაცვლად - შიში შეგვიპყრობს.
კიდევ ერთხელ მოგმართავთ, ბიძინა ივანიშვილო! ჩვენ შენი არ გვეშინია. საქართველოში რუსულ რეჟიმს არ დაგამყარებინებთ. რამდენი რობოკოპიც არ უნდა გამოიყვანო და შენი კარის ჯამბაზებს - კალაძეს, მდინარაძესა და კობახიძეს რაც არ უნდა ათქმევინო - ჩვენში შიშს ვერ ჩანერგავ.
შენი მხოლოდ შენს დაქვემდებარებულ მონებს ეშინიათ. ნამუსის ფულზე გამყიდველ მონებს. ეშინიათ იმ "მუშკეტერებსაც", კორონავირუსი რომ უფრო დიდ საფრთხედ ეჩვენებათ და "პოლიტიკაში არ ერევიან", ამიტომ, წყლის ჭავლით გაწუწულ ადამიანებზე ხმას ვერ იღებენ.
და ალბათ, ეს არის, ამ ქვეყნისა და მისი მოქალაქეების ბედი. ცემისა და დაშინების მიუხედავად, ღირსებას არ ვთმობთ. გიკვირს, არა?
ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ ჩვენ. ჩვენ, ვინც ყველაფრის მიუხედავად გამოვალთ გარეთ და ხმას შევუერთებთ მშიერ რაინდებს, საპროტესტო წერილებზეც მივაწერთ სახელს… შენი დღეები დათვლილია! არ გემორჩილებით!" - ნათქვამია განცხადებაში.
ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თქვა, რომ 22:00 საათის შემდეგ აქციის გამართვას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
გუშინ, 8 ნოემბერს ცესკო-სთან მყოფი დემონსტრანტები თამარ ჟვანიას გადადგომას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვდნენ. მშვიდობიან მომიტინგეებს საარჩევნო კომისიის შენობასთან სპეციალური დანიშნულების მრავალრიცხოვანი რაზმი დახვდა. სამართალდამცველებმა წინასწარი გაფრთხილების გარეშე, მომიტინგეების ნაწილს წყლის ჭავლი მიუშვირეს, რის შედეგადაც აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა.
პოლიტიკური ლიდერებისა და პარლამენტის აქციიდან მომავალი დანარჩენი მომიტინგეების ადგილზე მისვლის შემდეგ კი, სპეცრაზმელებმა წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გამოიყენეს. მომიტინგეებთან ერთად დაშავდნენ სხვადასხვა ტელევიზიის, მათ შორის, ფორმულას ჟურნალისტებიც.
თვითმხილველების მტკიცებით, სპეცრაზმელებმა ცრემლსადენი გაზიც გაუშვეს, თუმცა შსს-ში ინფორმაციას უარყოფენ.
ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ცესკო-სთან მყოფი დემონსტრანტების მხრიდან "მყისიერი თავდასხმა" ხორციელდებოდა, ამიტომ, მისი თქმით, წყლის ჭავლის გამოყენებამდე მომიტინგეთა გაფრთხილებას სამართალდამცველები ვერ მოასწრებდნენ.
მდინარაძის შეფასების საწინააღმდეგოდ, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ცესკო-სთან მიმდინარე აქციაზე ძალის გამოყენების საჭიროება არ არსებობდა. მისი თქმით, ცივ კლიმატურ პირობებში მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის მიშვება ძალიან სასტიკი ზომაა.
დარბეულ ოპოზიციას მკაცრად დასჯით დაემუქრა პარლამენტის ყოფილი თავმდჯომარე ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები შტურმის მოწყობას ცდილობდნენ.
"შტურმის მოთავეები არიან ნიკანორ მელია და მისი ზონდერჯგუფები. ვაფრთხილებთ მათ, რომ თითოეული მათგანი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს", - განაცხადა კობახიძემ მომიტინგეთა დარბევის პარალელურად გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.
გაერთიანებული ოპოზიცია პარლამენტის წინ დღეს, 9 ნოემბერს 18:00 საათზე მორიგ აქციას გამართავს. ისინი ცესკო-სთან მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევას გააპროტესტებენ. გარდა ამისა, კვლავ გააჟღერებენ 3 მთავარ მოთხოვნას - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, გადადგეს თამარ ჟვანია და გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი. სწორედ დღეიდან ამოქმედდება მთავრობის მიერ დაწესებულები შეზღუდვა - საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში გადაადგილება 22:00 სთ-დან იზღუდება. შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში კი, მოქალაქეები 2 000 ლარით დაჯარიმდებიან.